309 576 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დარეგისტრირების ფაქტზე ექვსი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

10:49, 11.07.2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309 576 ლარის ღირებულების 2 256 მ2 მოცულობის ორი მიწის ნაკვეთი.

ბრალდებულების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა ასევე ყალბი დოკუმენტაცია, დამატებით 6 217 მ2 მოცულობის ხუთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი პროცედურები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მსგავსი