30-30 წუთიანი ორი ტაიმი, შეუზღუდავი შეცვლები, დროებითი გაძევება - ფიფა ახალ წესებს ტესტავს #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) რამდენიმე სიახლის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს, რომელმაც მომავალში ფეხბურთში რევოლუცია უნდა მოახდინოს.
პოტენციური სიახლეების ტესტირება უკვე დაწყებულია – ახალ წესებს ცდიან 19-წლამდელთა ტურნირზე (Future of Football Cup), რომელშიც „ეინდჰოვენი“, „ალკმაარი“, „ლაიპციგი“ და „ბრიუგე“ თამაშობენ.
ცვლილება შეეხება ოთხ ძირითად ასპექტს:
- სათამაშო დროის ორ ტაიმად გაყოფა. თითო ტაიმში იქნება 30 წუთი სუფთა სათამაშო დრო – დრო გაჩერდება ნებისმიერი სათამაშო პაუზის დროს, როგორც ეს კალათბურთში ან ფუტსალში ხდება;
- შეცვლების შეუზღუდავი რაოდენობით განხორციელება.
- აუტიდან ბურთის ფეხით შემოტანა, რაც გაზრდის მატჩში სახიფათო მომენტების რიცხვს.
- დროებითი გაძევების შემოღება ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში – ფეხბურთელი, რომელიც გაფრთხილებას მიიღებს, ხუთი წუთით დატოვებს მინდორს.
ფიფა შეაფასებს ამ ცვლილებების გავლენას და გადაწყვეტს – ღირს თუ არა მათი დანერგვისთვის განაცხადის შეტანა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოში. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ფეხბურთში წესების ცვლილებითა და რეგულირებით.