3-4 ოქტომბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართება
3-4 ოქტომბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით. ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვიზიტთან დაკავშირებით დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრის წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ისაუბრა.

მისი თქმით, წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში, რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების ნათელი დასტურია.

„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, აქცენტები გაკეთდება ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

NAC-ის მეხუთედ ჩამოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტების მაღალი ინტენსივობა იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსს საქართველოსთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს. დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა შეხვედრამდე NAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და რომ ის ნატო-ს ღირებული და სანდო პარტნიორია. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო წარმოადგენს ნატო-ს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სადაც განიხილება პოლიტიკური და მიმდინარე საქამიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

დატოვე კომენტარი