29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 545-მა მოიპოვა
29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 545-მა მოიპოვა

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76% გახდა სტუდენტი.

„დღეს დასრულდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. ვულოცავ თითოეულ მათგანს და საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას ვუსურვებ. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში.

2021 წელს რეგისტრირებულ აპლიკანტთა 76% გახდა სტუდენტი. ეს პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ემთხვევა გასული წლის მაჩვენებელს (75%). პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა“, – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე.

მისივე ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებიდან სახელმწიფო გრანტი 6 545-მა მოიპოვა.

„რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 454, 50%-იანი გრანტი კი – 4 080 აბიტურიენტმა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას. აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები. გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

2021 წელს გამოცდების ჩატარების პროცესი პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივი იყო, რადგან კოვიდის დიაგნოზით გამოცდაზე არგამოცხადებულ აპლიკანტს ჰქონოდა შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ ჩართულიყო ამ პროცესში. გახანგრძლივებული საგამოცდო პროცესის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შედეგების საბოლოო გამოცხადება არ დაგვიანებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სწავლის დროულად დაწყებას. წლევანდელმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი პასუხისმგებლობითა და სამოქალაქო შეგნებით გამოირჩეოდა გამოცდების თითოეული მონაწილე. სწორედ ამგვარი დამოკიდებულებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა ის, რომ ასეთ ვითარებაში გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ წარიმართა. ცენტრის თითოეულ თანამშრომელს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. აქვე მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ყველა იმ უწყებას, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში გამოცდების ჩატარების პროცესში გვეხმარებოდნენ. თითოეულის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რათა დაგვეძლია პანდემიიდან გამოწვეული სირთულეები“, – განაცხადა სოფო გორგაძემ.

დატოვე კომენტარი