28 ევროპარლამენტარი ვახტანგ გომელაურს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით წერილით მიმართავს
28 ევროპარლამენტარი ვახტანგ გომელაურს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით წერილით მიმართავს

ევროპარლამენტარები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებენ, რომ ხელისუფლებამ „თბილისი პრაიდის“ დროს დემონსტრანტების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაიცვას.

ამის შესახებ საუბარია წერილში, რომლის ადრესატიც ვახტანგ გომელაურია. გზავნილს 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს.

„1-5 ივლისს თბილისში დაგეგმილია პრაიდის მარშის აღნიშვნა. ეს მოიცავს სამ ძირითად აქტივობას ხუთი დღის განმავლობაში, მათ შორის თბილისში, 2019 წელს გამართული პრაიდის კვირეულის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ პრემიერას, ასევე პრაიდის ფესტივალს, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას, პრაიდის „ღირსების მარშს“, რომლის თანაორგანიზატორები არიან ადგილობრივი სოციალური მოძრაობები“. საერთო ჯამში, ეს იქნება მთავარი ღონისძიება, რომელზეც აღინიშნება ლგბტი საზოგადოების მრავალფეროვნება“, – ნათქვამია წერილში.

როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, „პრაიდის დემონსტრაცია არის ერთ-ერთი გზა, რომელიც პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი ინსტრუმენტია და ის ასახავს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალურ უფლებას.

ევროდეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი დემონსტრაციები ლგბტი თემის წარმომადგენლებს აძლევთ შესაძლებლობას, თანასწორობისადმი მხარდაჭერა გამოხატონ.

„საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის უკანასკნელი კომენტარი, რომელშიც ის ამბობს, რომ პრაიდის მარში უნდა გაუქმდეს, ეწინააღმდეგება ჩამოთვლილ უნივერსალურ უფლებებს და თბილისში დამკვიდრებულ პრეცედენტს“, – ნათქვამია წერილში.

„მხარდაჭერის ამ სულისკვეთებით მოგმართავთ, ბატონო მინისტრო, რათა გთხოვოთ, რომ პრაიდი, რომელიც შესაბამისობაშია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებასთან, იყოს დაშვებული, ასევე, ყველა სამზადისი უნდა ემსახურებოდეს მანიფესტანტების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველყოფას, და აგრეთვე, მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების მხრიდან დაცვა“, – წერია განცხადებაში.

წერილის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ „გასულ წლებში ლგბტი-ფობიური ჯგუფები სარგებლობდნენ თბილისი პრაიდის აღნიშვნით, რათა ამაზე დაეფუძნებინათ საკუთარი ზიზღი და თავს დასხმოდნენ ლგბტი მშვიდობიან დემონსტრანტებს“.

„გადამწყვეტია, რომ საქართველომ დაიცვას მის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის შესაბამისი და ეფექტური დაცვა“, – ვკითხულობთ წერილში.

ამასთან ერთად, ევროდეპუტატების წერილში აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებული სტრატეგიის მიხედვით, ევროკავშირმა საგარეო ურთიერთობებში ლგბტიქ საკითხებზე თანამშრომლობა უნდა განაგრძოს და გააძლიეროს. მათ ასევე მოჰყავთ ციტატა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიღებული ანგარიშიდან.

„ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ გაწეულ სამუშაოს და დაჟინებით ითხოვს, რომ ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა საფუძვლიანად და ეფექტურად იყოს ამოქმედებული. ასევე, მოვუწოდებთ, გასწიონ დამატებითი ძალისხმევა, რათა გადაიჭრას დისკრიმინაცია ქალების, ლგბტი პირების, ბოშების, რელიგიური უმცირესობების მიმართ და ყველა უმცირესობის, ასევე დაუცველი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გამოძიების გასაძლიერებლად.

მოვუწოდებთ ყველა რელიგიურ ჯგუფს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სამოქალაქო საზოგადოებას, იმუშაონ ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის“, – წერია ანგარიშიდან მოყვანილ ციტატაში.

ევროდეპუტატები ასევე საუბრობენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2012 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც „საქართველომ ვერ შეძლო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა, რაც შეესაბამება მესამე მუხლის დარღვევას (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მეთოთხეტე მუხლთან ერთად. (დისკრიმინაციის აკრძალვა). მათივე თქმით, ეს საქმე ეხება 17 მაისს გამართულ დემონსტრაციას, რა დროსაც მომჩივანმა მხარემ განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მათი დაცვა მოძალადე დემონსტრანტებისგან და ვერ გამოიძიეს ინციდენტი, კერძოდ დისკრიმინაციული მოტივი.

„საქართველომ დააბანდა ინვესტიციები პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდის ტრენინგში სიძულვილის ენასა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით და ეს მოხდა მაგალითისთვის ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, რამაც უდავოდ მოახდინა პოლიციის ოფიცრების ცოდნის, შესაძლებლობების და ცნობიერების გაუმჯობესება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ტრენინგები გამოიღებს შედეგს და უზრუნველყოფს თბილისში დაგეგმილი პრაიდის ღონისძიებების სათანადოდ დაცვას“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

წერილს ხელ აწერენ ევროპარლამენტში ლგბტი საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის თანათავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტები. ასევე, დეპუტატები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მათ შორის მწვანეებიდან, სოციალ-დემოკრატებიდან და მემარცხენეებიდან.

დატოვე კომენტარი