28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები გაიმართება 
28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები გაიმართება 

28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, მართლაც ძალიან ლამაზი იქნება და მინდა ყველა დავპატიჟო: მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევთ 28-ში, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ყველა საახალწლო ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია მომდევნო დღეებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება გალაკონცერტი, ხოლო 13 იანვარს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ ნინო ქათამაძეს. 29 დეკემბერს გაიმართება თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი; 30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი „ლაუდ სფიქერს“ გამართავს კონცერტს, კვლავ რესპუბლიკის მოედანზე. ყველა ღონისძიება იქნება საახალწლო სოფელში. ძალიან ხშირად გვწერენ, რატომ არ არის ღონისძიებები სხვადასხვა რაიონებში. შარშან ჩვენ სამ ლოკაციაზე გვქონდა საახალწლო კონცერტი: ევროპის მოედანზე, ვარკეთილსა და გლდანში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტი რაოდენობა წარმოდგენილი იყო ცენტრში, გლდანში 20 კაცი ესწრებოდა კონცერტს და ვარკეთილში ცოტა მეტი. ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით, გვსაყვედურობდა, რომ ახალი წელი არის იმისთვის, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის შემობრძანება. წელს, 31 დეკემბერს, გეპატიჟებით ყველას მთავარ ნაძვის ხესთან, მეც თქვენთან ერთად ვიქნები ჩემი ოჯახით და ერთად შევხვდეთ ახალი 2019 წლის შემობრძანებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.