28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 546-მა მოიპოვა
28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 546-მა მოიპოვა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა.

აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

შედეგების მიხედვით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა სტუდენტმა მოიპოვა; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4 777 სტუდენტი ჩაირიცხა. ამასთან, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 1 335 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა დაახლოებით ორმა პროცენტმა ისარგებლა. კერძოდ, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სააპელაციო განაცხადი 3 000-მდე აბიტურიენტმა შეიტანა და მათგან ქულა 648 აპლიკანტს შეეცვალა.

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა. ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა. ყველა ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.