ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდით.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულას თითოეულ საგანში.

განმარტების სახით განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.