27 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება
27 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება.

ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

ხანგრძლივი პაემანს შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ასევე სრულად ვაქცინირებული იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გატარდა, რათა სისტემა „კოვიდ-19“-ის გავრცელებისგან დაცული ყოფილიყო. სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული. სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.