27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ გაიმართება
27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ გაიმართება

„მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ და ფონდი „არტკავკასუსის“ ორგანიზებით, 27 მაისი-2 ივნისის ჩათვლით, პირველი ყველაზე ფართომასშტაბიანი „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021“ გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან საზოგადოებრივი მაუწყებელი, ევროკავშირის პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში „შემოქმედებითი ევროპა“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო და თბილისია მერია.

პროექტი ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალებს საშუალებას მისცემს, გაასაჯაროონ თავიანთი შემოქმედება, აღმოაჩინონ დამფასებლები და შეძლონ ნამუშევრების რეალიზება. გამოფენაში მონაწილეობენ ცნობილი, პროფესიონალი ქართველი მხატვარი ქალები.

კვირეულის მიზანია ხელოვან ქალთა ნამუშევრებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში იქმნება ხელოვან ქალთა მონაცემთა ბაზა და საერთაშორისო პროფესიული ქსელი, რომლის დახმარებით პროფესიონალი და მოყვარული მხატვარი ქალები შეძლებენ საერთაშორისო არტსივრცეში ინტეგრაციას, კოლეგებთან კომუნიკაციას ინტერნეტის მეშვეობით, თავიანთი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენას, რეალიზაციასა და საკუთარი შემოქმედებითი კარიერის მართვას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი ვირტუალური გამოფენისთვის. გარდა ამისა, პარტნიორობის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოფენას დამთვალიერებელს თავისი ციფრული პლატფორმის საშუალებით „სცენა“  შესთავაზებს.

პროექტის მიხედვით, ხელოვნების მოყვარულებს ელოდებათ სხვადასხვა ციფრული ღონისძიებები, როგორებიცაა: მასტერკლასის ფორმატში „მხატვრის სახელოსნო“, ტრენინგი და სხვა. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 200-ზე მეტი მოქმედი ქართველი და უცხოელი ხელოვანი ქალი. გამოფენა გაშუქდება საზოგადოებრივი არხის ვებგვერდზეც.

ამასთან, თუ დამთვალიერებელს ექნება სურვილი, შეიძინოს მხატვრის ნამუშევარი, გამოფენის საკოორდინაციო ჯგუფი მას დააკავშირებს ავტორთან.

კვირეულზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა. ონლაინვიზიტისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს ან გადადით მითითებულ ბმულზე.