ზურაბ აბაშიძე - ჟენევის მოლაპარაკებების დონის ამაღლება, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან პრემიერის მიმართვის მნიშვნელოვანი გზავნილია
ზურაბ აბაშიძე - ჟენევის მოლაპარაკებების დონის ამაღლება, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან პრემიერის მიმართვის მნიშვნელოვანი გზავნილია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოწოდებას არ გულისხმობს,  – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის” შეფასების საპასუხოდ პირველ არხს განუცხადა.

„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ამ განცხადებაში არანაირი მინიშნება არ არის, რადგან ახლა, ამ ვითარებაში ვერანაირად ვერ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში, ეს რუსეთის მხარემაც კარგად იცის“, – განაცხადა პირველ არხთან ზურაბ აბაშიძემ.

მისი შეფასებით, პრემიერის ნაბიჯი რთული, მაგრამ საჭირო იყო.

„ამ რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯით პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მხარეს შესთავაზა, არამხოლოდ ტატუნაშვილის ძალიან რთული საკითხის მოგვარება, არამედ ისაუბრა იმ შესაძლო საკითხებზეც, რომელმაც შესაძლოა, გამოიყვანოს მოჯადოებული წრიდან ქართულ-რუსული ურთიერთობები. ეს მოჯადოებული წრე 2008 წლის ომის შემდეგ შეიქმნა“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების დონის ამაღლება, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან პრემიერ-მინისტრის მიმართვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, თუ ჟენევის მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ჩართვის შესაძლებლობა მისაღები იქნება რუსეთისათვის, დიდი მოსამზადებელი სამუშაო უნდა ჩატარდეს. თუმცა, რა შეიცვლება ჟენევის მოლაპარაკებების უფრო მაღალ დონეზე გამართვის შემთხვევაში, ზურაბ აბაშიძე, წინასწარი პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, რუსეთი რთული პარტნიორია, არამარტო საქართველოსთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.