დონალდ ტუსკი - მივესალმები საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში სათანადოდ მუშაობს
დონალდ ტუსკი - მივესალმები საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში სათანადოდ მუშაობს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან მიმართებაში სათანადოდ მუშაობს.  ამის შესახებ დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა ძლიერი და პროდუქტიულია, რასაც უვიზო რეჟიმის შემოღება და ორმხრივი ვაჭრობის ზრდა ადასტურებს.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა ძლიერია. ჩვენ ჩინებული პარტნიორობა გვაკავშირებს. უვიზო რეჟიმი და ორმხრივი ვაჭრობის ზრდა, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი პროდუქტიული ურთიერთობების თვალსაჩინო მაგალითია. ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის გაღრმავებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგი მოაქვს, რაც მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას.

„რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, მივესალმები საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ იგი სათანადოდ მუშაობს. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში და ევროკავშირი ძალიან აფასებს საქართველოს კონსტრუქციულ და აქტიურ მხარდაჭერას“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების საკითხები.

„ასევე, განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების მომავალი, მათ შორის საქართველოს მთავრობის პრაგმატული შემოთავაზებები ინტეგრაციის წინ წაწევასა და თანამშრომლობაზე. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მომდევნო თვეებში ეს იდეები უფრო დაკონკრეტდეს“, – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.