26 ოქტომბერს NASA მთვარის შესახებ ახალი, ამაღელვებელი აღმოჩენის შესახებ გვამცნობს — #1tvმეცნიერება
26 ოქტომბერს NASA მთვარის შესახებ ახალი, ამაღელვებელი აღმოჩენის შესახებ გვამცნობს — #1tvმეცნიერება

NASA-ს განცხადებით, კოსმოსურმა სააგენტომ მთვარის შესახებ ახალი, ამაღელვებელი აღმოჩენა გააკეთა, რომელსაც საზოგადოებას 26 ოქტომბერს ამცნობს.

ცნობილია, რომ აღმოჩენა ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერულ ობსერვატორიას (SOFIA) უკავშირდება. ეს გახლავთ მსოფლიოში უდიდესი საჰაერო ობსერვატორია, რომელიც თვითმფრინავ Boeing 747SP-შია მოწყობილი; ხომალდი ისეა აწყობილი, რომ თან ატარებს დიდ რეფლექტორ ტელესკოპს.

დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპებისგან განსხვავებით, SOFIA ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიმაღლეზე, პლანეტის სტრატოსფეროში დაფრინავს. იქ ის ატმოსფეროს 99 პროცენტის ზემოთ არის მოქცეული და შესაბამისად, თავს არიდებს ატმოსფეროს მიერ ინფრაწითელი სხივების ბლოკირებას და შედეგად, სამყაროს ინფრაწითელში სწავლობს.

თვითმფრინავი ნამდვილად ძალიან დაკავებულია. მისმა ინსტრუმენტებმა წარსულში მარსის ატმოსფეროში დააფიქსირა ჟანგბადი, პირველი მოლეკულური ბმა კოსმოსში, ჩაატარა უამრავი გაზომვა, რომლებმაც გვამცნეს ეგზოპლანეტების შეჯახების, გალაქტიკების გულის და სხვა მრავალი რამის შესახებ. სწორედ SOFIA-მ გადაიღო ირმის ნახტომის ცენტრის ეს შთამბეჭდავი ხედიც, რომელსაც ფოტოზე ხედავთ.

„ამჯერად, ობსერვატორიამ მზერა უფრო ახლოს მიმართა. ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანია NASA-ს მცდელობაში, რომ უკეთესად შეისწავლოს მთვარე ღრმა კოსმოსის კვლევების მხარდასაჭერად“, — წერია განცხადებაში.

განცხადებიდან აშკარაა, რომ აღმოჩენა გარკვეულწილად უკავშირდება პროგრამა „არტემისს“, ამბიციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ, რაც ერთგვარი ტრამპლინი უნდა გახდეს 2030-იან წლებში მარსზე გამგზავრებისთვის.

აუდიობრიფინგს NASA-ს 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს. რა თქმა უნდა, დეტალებს დაუყოვნებლივ გამცნობთ.

დატოვე კომენტარი