26 მაისის საქმეზე ჟურნალისტ ბექა სივსივაძის დაკითხვა მიმდინარეობს
26 მაისის საქმეზე ჟურნალისტ ბექა სივსივაძის დაკითხვა მიმდინარეობს

26 მაისის საქმეზე ჟურნალისტ ბექა სივსივაძის დაკითხვა მიმდინარეობს. მოწმემ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა.

სივსივაძის თქმით, აქციის დარბევისას მას და გიორგი მამაცაშვილს საშუალება არ მისცეს, ტერიტორია დაეტოვებინათ და რამდენჯერმე სპეცრაზმელები ხელკეტებით გაუსწორდნენ.

„ქაშუეთის მხრიდან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოუშვა. ამას ვხედავდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან. მე და გიორგი მამაცაშვილი ვიყავით, კინო „რუსთაველისკენ“ წავედით, მაგრამ ჩაკეტილი იყო გზა. ჩვენ ფოტოაპარატები გვქონდა, თავისუფლების მხარეს როცა წავედით, ამოდიოდნენ სპეცრაზმელები და გაიხსნა ჩვენი მიმართულებით ცეცხლი რეზინის ტყვიების. მომხვდა მეც რამდენიმე, გიორგი წაიქცა, მაგრამ მე წამოვაყენე, გავიქეცით მეტროსკენ, იქაც ჩაკეტილი იყო, არ ჩაგვიშვეს. ვცადეთ, სამართალდმაცველებისთვის აგვეხსნა, რომ ვიყავით ჟურნალისტები და გავეშვით. სწორედ ამ დროს უკნიდან მომხვდა ხელკეტი. როცა გავახილე თვალი, ვიყავი წყლის გუბეში სისხლიანი, გვერდზე მეწვა გიორგი. მაშინაც ვცდილობდით, აგვეხსნა სპეცრაზმელებისთვის, რომ ვიყავით ჟურნალისტები, მაგრამ ზომაზე მეტად აგრესიულები იყვნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ვიყავით ხელფეხშეკრულები. ვთხოვეთ სასწრაფოს გამოძახება. ამაზე პასუხად მივიღეთ ცემა. რამდენიმე ადამიანი გაგვისწორდა კვლავ ხელკეტებით“, – განაცხადა ბექა სივსივაძემ.