დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირების გენერალური რეპეტიცია [ფოტო]
დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირების გენერალური რეპეტიცია [ფოტო]

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირების გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

იდეის ორგანიზატორები 100 წლის წინ მომხდარი მოვლენის გაცოცხლებას შეეცდებიან.

რეჟისორის ბასა ფოცხიშვილის თქმით, ინსცენირებაში მონაწილეობა ყველასთვის ამაღელვებელია.

„სხდომა აღდგენილია ოქმის ჩანაწერის მიხედვით. სამწუხაროდ, არ არსებობოს არც ფოტო, არც ვიდეომასალა, ამიტომ ჩვენ აღვადგინეთ ეს სრულად, როგორც იყო 1918 წლის 26 მაისის ოქმის ჩანაწერში. ყოველი სიტყვა შენარჩუნებულია ზუსტად იმ სახით. ატრიბუტიკა, რომელიც გამოვიყენეთ, ეს არის 1918-1921 წლების. ამაღელვებელი სანახაობა იქნება, რადგან მაშინ საოცრება ხდებოდა მთელს საქართველოში. ძალიან ამაღელვებელია ის, რომ ნოე ჟორდანიას დამოუკიდებლობის აქტის კითხვას მთელი დარბაზი უსმენდა ფეხზე მდგარი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით“, – განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, 26 მაისს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტი გაცოცხლდება.

„პირველად გაცოცხლდება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, სიტყვა და მოქმედება, რომელმაც მაშინ განსაზღვრა საქართველოს ბედი, თუმცა მცირე ხნით, მაგრამ დღეს მაინც ვზეიმობთ 100 წლის დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღს და ვფიქრობ, 100 წლის მერეც ვიზეიმებთ“, – განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირებას 26 მაისს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

პირველი არხი ღონისძიების პირდაპირ ტრანსლირებას შემოგთავაზებთ.