26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დაზარალებული გიორგი მალაზონია - 20-25 კაცი დამესია, მირტყამდნენ, დედაჩემმა რომ დამიცვა, მასაც დაარტყეს ზურგსა და თავში
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დაზარალებული გიორგი მალაზონია - 20-25 კაცი დამესია, მირტყამდნენ, დედაჩემმა რომ დამიცვა, მასაც დაარტყეს ზურგსა და თავში

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე დაზარალებული გიორგი მალაზონია დაიკითხა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს პარლამენტის წინ, აქციაზე იმყოფებოდა.

როგორც მალაზონია აცხადებს, მას სასტიკად გაუსწორდნენ და არ მისცეს საშუალება, ტერიტორია დაეტოვებინა. მისივე თქმით, როდესაც ჰკითხა სპეცრაზმელებს, როგორ შეძლებდნენ ტერიტორიიდან გასვლას, მას ცემა დაუწყეს, რის გამოც გონება დაკარგა.

როგორც მალაზონიამ დაკითხვისას აღნიშნა, სცემეს მასთან ერთად აქციაზე მყოფი დედამისიც.

„აქციაში ვმონაწილეობდი, როგორც მოქალაქე. არც ფულს ვიღებდი ამაში, არც ორგანიზებაში ვმონაწილეობდი. დედაჩემთან ერთად ვიდექი პარლამენტის წინ. გასასვლელი არ იყო, ყველგან სპეცრაზმელი იყო. ხალხს არ უშვებდნენ. ვცადე გასვლა, მაგრამ ვერ გავედი ვერანაირად.

მერიის თანამშრომელი იყო, რომელმაც შესთავაზა ხალხს, რომ დაშლილიყვნენ და ვარდების ბაღში გადასულიყვნენ, მაგრამ ხალხმა უარი თქვა. მერიის თანამშრომელი რომ წავიდა, უცებ შემოვიდა სპეცრაზმი. მე ვიცი მიახლოებით, 11:00 საათზე მოვიდა მერიის თანამშრომელი და დაახლოებით ერთი საათი იყო მოლაპარაკებები.

აქციის დაშლის დროს გამოყენებული იყო ხელკეტი, ფეხებს ურტყამდნენ, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები. ყველას ესეოდნენ, მნიშვნელობა არ ჰქონდა – ბავშვი იყო, ქალი, მოხუცი. როდესაც სპეცრაზმი შემოვიდა, ერთ-ერთმა ბავშვმა დაცვის მიზნით გამოიყენა დროშის ტარი. მაგას ისე გამეტებით ურტყამდნენ, იძულებული იყო, თავი დაეცვა. ვცადე, მივსულიყავი და მეთქვა, რომ ტერიტორიის დატოვება მინდოდა, მაგრამ მცემეს. ამ დროს ვიყავი თავისუფლების მხარეს, 20-25 კაცი დამესია, მირტყამდნენ და გავითიშე. მე მცემეს და მერე დედაჩემმა რომ დამიცვა, მასაც მოარტყეს ზურგსა და თავში. იქ იყო ადამიანი, ვინც ნახა ეს ყველაფერი და დედაჩემმაც მითხრა. მქონდა თავში ბევრი ნაჟღენთი, წინა მხარესაც, ხელები სულ გაშავებული მქონდა.

არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. ერთადერთი, შევეკითხე, როგორ გავსულიყავი. გონს მოვედი, როცა ავტობუსში ამიყვანეს და პლასტმასის ბორკილი მედო. ამ ავტობუსში მოხუცებიც ისხდნენ, ბორკილები ედოთ. ჯერ პოლიციაში გადამიყვანეს და მერე საავადმყოფოში. იქ დაკითხვისას ასეთი რაღაც იყო, რომ ნუ, ბურჯანაძის მომხრე ხარ, რატომ მოხვედი და ასეთი რაღაცები. სხვებს ზოგს აგინებდნენ, ურტყამდნენ, იმის გამო, რომ ბურჯანაძესთან იდექითო“, – განაცხადა დაზარალებულმა გიორგი მალაზონიამ.

26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.

26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით, გამოძიება ედავება შს ყოფილი მინისტრის მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს – დათა ახალაიას, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და ვასილ ლელუაშვილს.

საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით 17 მაისს, 12:00 საათზე გაგრძელდება.