26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა [ფოტოამბავი]
26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა [ფოტოამბავი]

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. მათ შორის ლიუბლიანის ციხესიმაგრე, თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.

საბერძნეთში ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური შენობა – ქალაქ თესალონიკის მერია, ხოლო შენობის წინ, განთავსდა ბანერი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ლოგოს გამოსახულებით. გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა პერფორმანსი.

ასევე განათებული იქნა ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები მდინარე ნერისზე და ქალაქის ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე და აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ჩამოსვლასთან ერთად ვიდეომოლოცვა მოამზადა საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ლატვიაში, იურმალას ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ქართული სტენდი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ქართულ სათვისტომოსთან ერთად საქართველოს დროშებით და საიუბილეო ბანერებით მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გამართულ იურმალას მარშში. ამავე დღეს ქალაქ რიგაში საქართველოს საელჩოს შენობის წინ განთავსდა ყვავილებისგან შექმნილი კომპოზიცია – საქართველოს ეროვნული დროშა და რიცხვი 100.

​ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, 17:10 საათზე საელჩომ ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებთან დუბლინის ცენტრალური მოედნიდან ვიდეო მილოცვა გავრცელა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ გიზას პირამიდებთან სადღესასწაულო სანახაობრივი ღონისძიება გამართა.

უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსა ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი.

ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა საზეიმო საჯარო ღონისძება – კომპანია „ბორჯომის“ პიკნიკი საქართველოს საელჩოსთან ერთად, ხოლო საქართველოს დროშები აღიმართა ესტონეთის სხვადასხვა ქალაქებში.

საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეორგოლები მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა ტალინის, მინსკის, კიშინეუსა და სხვა  დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე.

საქართველოს დროშები ფრიალებდა სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს შენობიდანაც.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საზეიმო მიღებები გაიმართა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკასა და დანიაში.

ღონისძიებებში მონაწილეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები იღებდნენ.

26 მაისს, თბილისის დროით 17.10 საათზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საზეიმოდ აღნიშნეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრებმა. საიუბილეო თარიღის პოპულარიზაციის მიზნით, საზეიმო აქტივობების და მილოცვების ამსახველი ვიდეოები რეგულარულად თავსდებოდა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ციკლი მთელი წლის განმავლობაში გასტანს.