26 ივნისიდან ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
26 ივნისიდან ესპანეთში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ესპანეთი 26 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას გააუქმებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ეს იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარების უკანასკნელი შაბათ-კვირა, რადგან მომავალი შაბათ-კვირიდან ჩვენ მათ აღარ ვატარებთ“, – განაცხადა სანჩემა ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე.

პრემიერის თქმით, ის მინისტრთა კაბინეტს შესაბამისი ინიციატივის დასამტკიცებლად 24 ივნისს შეხვდება.

ესპანეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება ექვს წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულოა გასული ზაფხულის შემდეგ. გამონაკლისს მხოლოდ გარეთ ვარჯიში წარმოადგენს.

ესპანეთში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვაქცინის პირველი დოზით არის აცრილი. ბოლო ორი კვირის შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათასს ადამიანზე 96,6 შემთხვევას შეადგენს.

მანამდე, ღია სივრცეში პირბადის ტარების რეგულაციის გაუქმების შესახებ საფრანგეთმა გამოაცხადა.