25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის დღეა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკის დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას ლოგისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში ლოგისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ლოგისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი – საშტატო იარაღი გადაეცათ, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდნენ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის კი მედლები „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადაეცათ. ასევე, სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა გამოეცხადათ.

სტუმრებმა ბაზაზე გამოფენილი შეიარაღებაც დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.