24 ქულა და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილმა „ჰერდში“ ითამაშა და გუნდს ულიდერა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის განვითარების ლიგაში გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდს „ვისკონსინ ჰერდს“ „ვინდი სიტისთან“ დაპირისპირებაში დაემატა, თავის გუნდს ულიდერა და მოაგებინა – 113:109.
სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთი ითამაშა. ამ დროში მან ორმაგი დუბლი 24 ქულითა და 10 მოხსნით (5 შეტევაში) დააგროვა, მის ანგარიშზე ასევე 3 პასი და 1 დაფარებაა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 13-დან 7 ორქულიანი, საჯარიმოს ხაზთან კი 7-ჯერ დადგა და 4-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ის, რომ ქართველ კალათბურთელს ამ შეხვედრაში ორივე გუნდის მხრიდან ქულების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.
შემდეგ შეხვედრას „ვისკონსინ ჰერდი“ 19 იანვარს „ლეიქლენდ მეჯიქის“ წინააღმდეგ გამართავს.
თავისი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდმა“, რომელიც „დელავეარ ბლუ ქოუთს“ შეხვდა და რეგულარულ სეზონზე მეორედ დამარცხდა – 111:115.
ბეჟანიშვილმა 8 წუთი ითამაშა და 4 ქულისა და 2 მოხსნის (1 შეტევაში) დაგროვება მოასწრო. მან 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო. შემდეგ შეხვედრას ჯეისონ ტერის გუნდი დღეს, 17 იანვარს ისევ „ფილადელფიას“ განვითარების ლიგის გუნდთან გამართავს.