24 ქულა და ორმაგი დუბლი – მამუკელაშვილმა „ჰერდში“ ითამაშა და გუნდს ულიდერა [ვიდეო] #1TVSPORT

11:10, 17.01.2022

NBA-ის განვითარების ლიგაში გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდს „ვისკონსინ ჰერდს“ „ვინდი სიტისთან“ დაპირისპირებაში დაემატა, თავის გუნდს ულიდერა და მოაგებინა – 113:109.

სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთი ითამაშა. ამ დროში მან ორმაგი დუბლი 24 ქულითა და 10 მოხსნით (5 შეტევაში) დააგროვა, მის ანგარიშზე ასევე 3 პასი და 1 დაფარებაა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 13-დან 7 ორქულიანი, საჯარიმოს ხაზთან კი 7-ჯერ დადგა და 4-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ის, რომ ქართველ კალათბურთელს ამ შეხვედრაში ორივე გუნდის მხრიდან ქულების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

https://twitter.com/WisconsinHerd/status/1482899222437453826

შემდეგ შეხვედრას „ვისკონსინ ჰერდი“ 19 იანვარს „ლეიქლენდ მეჯიქის“ წინააღმდეგ გამართავს.

თავისი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდმა“, რომელიც „დელავეარ ბლუ ქოუთს“ შეხვდა და რეგულარულ სეზონზე მეორედ დამარცხდა – 111:115.

ბეჟანიშვილმა 8 წუთი ითამაშა და 4 ქულისა და 2 მოხსნის (1 შეტევაში) დაგროვება მოასწრო. მან 2-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო. შემდეგ შეხვედრას ჯეისონ ტერის გუნდი დღეს, 17 იანვარს ისევ „ფილადელფიას“ განვითარების ლიგის გუნდთან გამართავს.

მსგავსი