შსს-მ 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხზე, სამართალდამცველები სკოლის დირექტორს, გიორგი კაკაბაძეს შეხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანი თამბაქოს ეწეოდა, ამის გამო მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ, მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 24-ე სკოლასთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, რომ 24-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტი არ მომხდარა და ინციდენტში არ ფიგურირებს ცივი იარაღი – დანა.

თვითმხილველების ნაწილი კი პირად საუბრებში ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე დანა დაინახეს, თუმცა ვის ეკუთვნის, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.