24 და 25 ოქტომბერს „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება

11:53, 21.10.2026

24 და 25 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ტრადიციული ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების საინფორმაციო სემინარები.

„ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ცომეულის მრავალფეროვნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ცნობილი თუ მივიწყებული კერძები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებიდან მოწვეული შეფ-მზარეულები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე საინფორმაციო სემინარები ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აღნიშნული ფესტივალი დედაქალაქში პირველად ტარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო წლებშიც გაიმართება. ყველას გელოდებით ორბელიანის მოედანზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ფესტივალზე ყურადღება დაეთმობა თანამედროვე გასტრონომიასაც, რომლის ფარგლებში შეფ-მზარეულები ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოადგენენ.

მსგავსი