„დინამო არენაზე“ ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს 31 მაისს დაუპირისპირდებიან
„დინამო არენაზე“ ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს 31 მაისს დაუპირისპირდებიან

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 31 მაისს „დინამო არენაზე“ ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდებიან (French Barbarian, Barbarian Rugby Club).

ეს იქნება ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული რაგბის ქომაგებს ეროვნული ნაკრების თამაშის ხილვა ზაფხულში შინ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდა.

„ზაფხულის პერიოდში ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების თამაშების ცოცხლად ხილვის შესაძლებლობას მოკლებულია. გვსურდა მათთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა, ფრანგები გვერდში დაგვიდგნენ და 31 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ „ფრანგი ბარბაროსების“ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით“, – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

ამავე მემორანდუმის საფუძველზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ახლახან თებერვლამდე „ლე ბლეს“ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) ბაზაზე, „მარკუსიზე“ შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების განვითარებად გუნდთან ორი მატჩი გამართეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, საფრანგეთის რაგბის კავშირმა საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთში მათი მიწვევით ვიმყოფებოდით, გავმართეთ მოლაპარაკებები, გავაფორმეთ მემორანდუმი და მივიღეთ პირობა, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაგვეხმარებიან. სწორედ ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია საქართველოში „ფრანგი ბარბაროსების“ სტუმრობა“, – აცხადებს გოჩა სვანიძე.

საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა ქართული რაგბის მიმართ პატივისცემა დაადასტურა და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო ევროპულ და მსოფლიო რაგბში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აქედან გამომდინარე, საფრანგეთის რაგბის კავშირი დიდი სიხარულით დათანხმდა ამ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვას.

მოგეხსენებათ, „ფრანგმა ბარბაროსებმა“ შარშან „მაორი ოლ ბლექსს“ მოუგო. ეს გუნდი თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდ როლს იკავებს ფრანგულ რაგბში და 2017 წლიდან საფრანგეთის რაგბის კავშირმა „ფრანგ ბარბაროსებს“ მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი მიანიჭა. ამ გუნდის მიზანია, რაგბის ცოდნის, სიყვარულის, ფასეულობების ამაღლება და გავრცელება. ვიცი, რომ ეს ორი შეუდარებელი გუნდი დიდ პატივს სცემს ამ ფასეულობებს და შედეგის მიუხედავად, ერთმანეთს პატივისცემასა და სიყვარულს გაუზიარებენ“ – აცხადებს ის.