23 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
23 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ახალგაზრდის ოჯახის წევრები ქვემო ფონიჭალაში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.  სამართალდამცავები გოგონას პირად კომპიუტერს სწავლობენ, რათა დაადგინონ, ვისთან ჰქონდა ბოლოს კონტაქტი.

ახალგაზრდის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განმარტებით, გოგონას კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა – სოფელ გოლთეთში. ამის შემდეგ კვალი იკარგება, გათიშულია მობილური ტელეფონიც.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თეთრიწყაროს რაიონში თამარ ბაჩალიაშვილი პირველად იყო და იქ ახლობლები არ ჰყავთ.

თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის მკვიდრია. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.