23 თებერვალს ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT
ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ ასპარეზობაში კიდევ სამი ქართელი ჩაერთება.
სკი კროსში ვაჟთა შორის კვალიფიკაცია 23 თებერვალს დაიწყება. ბექა ბერძენიშვილმა, ლაშა კურტანიძემ და დავით თედიაშვილმა დიდველზე მოწყობილ ტრასაზე უკვე ორჯერ ივარჯიშეს და კარიერის მთავარი დაშვებისთის უკვე მზად არიან.
აღსანიშნავია, რომ სკი კროსის ნაკრების სამივე წევრი ბაკურიანელია და 24 თებერვალს გასამართ ფინალში მოხვედრას მშობლიურ მთებზე შეეცდებიან.
მამაკაცთა შორის სკი კროსში მედლებისთვის სულ 43 სპორტსმენი იბრძვის და ფინალში 32 მათგანი გადავა.
კვალიფიკაციის დროს, რომელიც 13:30-ზე უნდა დაიწყოს, სპორტსმენები ტრასაზე ცალ-ცალკე დაეშვებიან და საუკეთესო დროის მიხედვით ფინალში განითესებიან. ვინაიდან ზამთრის სპორტის სახეობები ამინდზე პირდაპირ არის დამოკიდებული, შეჯიბრების დაწყების დრო, შესაძლოა, შეიცვალოს.
სკი კროსის გარდა, ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველები 25 თებერვალს და 3 მარტსაც იასპარეზებენ. ამ დღეებში წარმატების მიღწევას ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი სლოუფსთაილსა და ბიგ აირში შეეცდებიან.