23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა
23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა. დამონტაჟდა და გაიმართა 50-ზე მეტი ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარი, რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის უფრო სრულყოფილად შეფასებას შეუწყობს ხელს. მონიტორინგი ამჟამად 86 მეტეოროლოგიური და 52 ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს.

სააგენტოს უფროსმა ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა.

საქართველოში მეტეოროლოგიის დღე 1992 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება, რის საფუძველზეც გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) შეიქმნა.