ზურა მახარაძე - „იგლ ჰილსის“ პროექტი იმ სახით, როგორც ახლა არის წარმოდგენილი, აჩენს კითხვებს და რისკებს
ჩვენი შეჯამებული, გენერალიზებული პოზიცია არის შემდეგი, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი იმ სახით, როგორც ახლა არის წარმოდგენილი, აჩენს კითხვებს და აჩენს რისკებს, – ამის შესახებ პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ზურა მახარაძემ საქართველოს პირველ არხზე გამართულ დისკუსიის ფორმატში განაცხადა.
„ნომერ პირველი არის ის, რომ ერთადერთი, რაც ამ პროექტზე ვიცით, ვიცით მხარისგან, რომელიც დაინტერესებულია ამ პროექტის პოზიტიურად წარმოჩენაში. ჩვენ ინფორმაცია ნეიტრალური მხრიდან ან წყაროდან არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, რასაც ხელისუფლების მხარე აცხადებს იმ მოცემულობაშიც კი, რა რისკებსაც ვხედავთ, ამ თემაზე ჩვენ ვახდენთ პედალირებას და ვცდილობთ, ამ მიგრაციის თემაზე შეიცვალოს მიდგომები, როგორ,ც საკანონმდებლო დონეზე, ისე ზოგადად, პოლიტიკური სტრატეგიის დონეზე“, – განაცხადა მახარაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არგუმენტები აქვს პროექტის წინააღმდეგ, ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ არის ორი ვარიანტი, რადგან ამ პროექტს აქვს კომერციული საიდუმლოების სტატუსი და თუ დისკუსიის მონაწილეებს ეს ხელშეკრულება გააცნეს, მაშინ საქართველოს კანონი დაირღვა, ხოლო თუ მათ არ ჰქონდათ წვდომა და ისე გაეცნენ ან, უბრალოდ, მოსმენილი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, რომ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად არის.
„მე სერიოზული კითხვები მაქვს იმაზე, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდის მთავრობა, მაგრამ მოდით, ეს ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ და რა ინფორმაციაც გვაქვს, იქიდან ვიმსჯელეთ. ამ მომენტში ჩვენ გვაქვს სიტუაცია საქართველოში, რომ 2014-დან 2024 წლამდე ბუნებრივი მატება არ გვაქვს, ნულზე არის. ამ პერიოდში 230 000 საქართველოს მოქალაქით უფრო მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე უკან დაბრუნდა. ანუ, ჩვენი დემოგრაფიული სიტუაცია, როგორც პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ შობადობა ცუდ დღეში გვაქვს და ვეთანხმები, მათ შორის, მიზეზებზეც ვეთანხმები, არის კატასტროფული. ამ მომენტში გამოდიან და გვეუბნებიან, 16 ათასი ბინა უნდა ავაშენოთო. ეს გამოდის დაახლოებით, 40-ათასიანი მოსახლეობა, ანუ, სადღაც გორის ზომის ქალაქს ვაშენებთ და იქ, ბატონი ალაბარის, განცხადებით 60%-მდე უნდა გაიყიდოს უცხოელებზეო.
ბატონმა პრემიერმა ცოტა ხნის წინ ვთქვა, პირველი გაყიდვები იყო, პირველი 300 ბინა გავყიდეთ და 42% გაიყიდა უცხოელებზე. მე მგონია, რომ ეგ მეტი იქნება და მაგას ავხსნი, რატომ იქნება უფრო მეტი მანდ უცხოელი, მაგრამ მოდით, ჯერ გავყვეთ, რაც გვითხრეს. ანუ, გორისხელა ქალაქს აშენებენ და მისი მოსახლეობის ნახევარი უცხოელი იქნება იმ დემოგრაფიულ პირობებში, რაც მე ახლა აღვწერე. ეს არის საქსტატის მონაცემები, ჩემი ფანტაზია არ არის. ამაზე კითხვები როცა ჩნდება და ვიღაცებს განგაშის განცდა უჩნდებათ, რომ გორისხელა ქალაქია და მისი ნახევარი უცხოელებით იქნება დასახლებული, ეს რომ შენ გამოაცხადო, რომ არის ჭიქაში ფუჭი ქარიშხლის მოწყობა, რამდენად მართებულია, ამას მე ჩვენ მაყურებელს დავუტოვებ განსასჯელად და მან გადაწყვიტოს, ეს ჩვენი შიშები დასაბუთებულია თუ დაუსაბუთებელი“, – განაცხადა მახარაძემ.
მისი თქმით, მათ შორის, კითხვები არის იმაზე, ინვესტიციის აქ ამოღება როგორ ხდება.
„კითხვები არის იმაზე, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდიან, როცა ამბობენ ფასებზე, რომელზეც იყიდება, საერთოდ გათვლა რაზე არის და ასე შემდეგ, მაგრამ საერთოდ რომ მოიხსნას ეჭვები იმაზე, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდის სახელმწიფო, მათივე პარამეტრებით, რაც გვითხრეს, ამ დემოგრაფიის პირობებში ამაზე რომ ვიღაც ნერვიულობს, ის არც პარანოიით არ არის შეპყრობილი და არც მანიპულაციით დაკავებული“, – განაცხადა მახარაძემ.