220 ახალი ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოცხადდა
220 ახალი ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ერთეული ახალი, 8-მეტრიანი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი გასულ კვირას გამოცხადდა და უახლოს დღეებში დასრულდება.

„ახალი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლიდან დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ასევე, 2019 წელს ვაპირებთ, 150 ერთეული, გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტროავტობუსი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, დამატებით, ახალი ელექტროავტობუსების შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. ჩვენთვის პრიორიტეტულია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მთავარი გზავნილია – „მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები ავტომანქანა ქალაქში“. ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება კი, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემებიც, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან მალე, ეკოლოგიურ მდგომარეობას რადიკალურად შევცვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის თებერვლიდან MAN-ის ფირმის ავტობუსების შემოყვანა დაიწყება.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან მათი შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. 2019 წლის ბოლოსთვის კი გვინდა, რომ ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ, რომელიც გაუმართავია და გადაადგილების დროს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.