21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაქსები არ იმოძრავებენ, დაშვებული იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე ავტომობილების გადაადგილება
21:00 საათიდან 06:00 საათამდე ტაქსები არ იმოძრავებენ, დაშვებული იქნება მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე ავტომობილების გადაადგილება

ე.წ. საკომენდანტო საათის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოძრავებენ მხოლოდ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ექნებათ სპეციალური საშვი, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, 21:00 საათის შემდეგ დასაშვებია თუ არა ტაქსების მოძრაობა.

ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ 21:00 სააათიდან შემდეგ ტაქსები არ იმოძრავებენ.

„ჩვენ გვაქვს ორი რეჟიმი. პირველი არის, რომელიც შევა ძალაში დილის 08:00 საათიდან, გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას, მაგრამ დილის 8:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე არის ნებადართული პირადი ავტომობილებით და ტაქსებით გადაადგილება. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში არის ნებადართული იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომლებს. რაც შეეხება ე.წ საკომენდანტო საათის პერიოდს, გადაადგილების დამატებით შეზღუდვას, რომელიც იმოქმედებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე, ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ მხოლოდ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ექნებათ სპეციალური საშვი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ეს ეხება მედიის წარმომადგენლებსაც. დამატებითი ინფორმაციისა და საშვების საკითხზე შესაძლებელია ცხელ ხაზზე დაკავშირება – 144.

„ეს შეეხება მედიის წარმომადგენლებსაც, იმოქმედებს ცხელი ხაზი – 144, რომელზეც მოქალაქეებს, ბიზნესის წარმომადგენლებსაც და მედიის წარმომადგენლებსაც, რა თქმა უნდა, შეეძლებათ, მიიღონ დამატებითი განმარტებები. მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს, ასევე სპეციალურად გამოყოფილ ელექტრონული ფოსტის მისამართზეც განათავსონ მათი განაცხადი ასეთი ტიპის საშვების მიღების თაობაზე და შესაბამისად,  მიეცეთ დასტური, საშვი გადაადგილებისთვის 21:00 საათიდან 6:00 საათამდე, სხვა პერიოდში კი, მიეცეთ საშუალება ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე”, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.