21 ქულა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ - შერმადინი „სარაგოსასთან“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ტენერიფემ“ სტუმრად „სარაგოსა“ 87:83 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი კი ისევ გიორგი შერმადინმა მოიგო. კუნძულელთა ქართველმა ლეგიონერმა სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი დააგროვა და როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერი, ოფიციალური ტიტულიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ტენერიფეს მე-300 გამარჯვებაა ესპანეთის ჩემპიონატში მთლიანობაში ჩატარებულ 637 მატჩში.

ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, რაც MVP-ს ტიტულის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-ს უწია, ეს არათუ ამ მატჩში, ტურის სხვა შეხვედრებშიც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

„ტენერიფემ“ სეზონში მე-12 მატჩი მოიგო და დროებით მე-3 ადგილზე გადავიდა. თუ „ბასკონია“ „ბადალონას“ ვერ მოუგებს, „ტენერიფე“ მესამე ადგილს შეინარჩუნებს. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში აუტსაიდერთა ზონაში მყოფ „ბეტისს“ უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს შანსი აქვს, მე-16 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, თუკი ტურის დარჩენილ 5 მატჩში მასზე უკეთეს შედეგს (31 სარგებლიანობის კოეფიციენტი) არავინ დააფიქსირებს. თუ ასე მოხდა, შერმადინი ისტორიაში მეთვრამეტედ გახდება ტურის საუკეთესო, რითაც ფლიპე რეიეს და ბერნარდ ჰოპკინსს გადაასწრებს და მიუახლოვდება ამ საპატიო კატეგორიის ისტორიულ ლიდერებს – ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და ლუ როუს. თითოეულს ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი 19-ჯერ აქვს მოგებული.