21-23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს
21-23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში.

22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტი უმაღლეს დონეზე დაფარავს ევროკავშირის სამივე მიმართულებას – საბჭოს, კომისიასა და პარლამენტს.

„პრეზიდენტის ვიზიტი ასევე გამოირჩევა ორი გარემოებით. ერთი – ეს არის „კოვიდ 19“-ის პანდემია, რომელიც ძალიან აქტიურად განსახილველი თემა იქნება და მეორე – საქართველოს გაჟღერებული სურვილი, რომ 2024 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გააკეთოს ოფიციალური განაცხადი. განსახილველი თემა იქნება, როგორ ვემზადებით ამისთვის და რა ეტაპები უნდა გაიაროს საქართველომ. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციაზე, როგორც სრული ინტეგრაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯზე. წელს უნდა ჩატარდეს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ეს თემაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“, – აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდება ბელგიის მეფეს და ასევე, კულტურული ფესტივალის – Europalia წარმომადგენლებს.