2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის საკითხთან დაკავშირებით სემეკ-ში განხილვა ხვალიდან იწყება
2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის საკითხთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ-ი) განხილვა ხვალიდან იწყება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას სოფიო ხორგუანის შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ორ სისტემურ ავარიასთან დაკავშირებით მარეგულირებელმა კომისიამ მოკვლევა ჩაატარა და კომისიაში აღნიშნული განხილვები 21 ოქტომბრიდან იწყება.
„ორი სისტემური ავარია როცა მოხდა, ქსელის წესების დარღვევიდან გამომდინარე, დავიწყეთ მოკვლევა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და გენერაციის ცალკეული ობიექტების საქმიანობის სისწორესთან დაკავშირებით. ძალიან დიდი შრომა გასწია მარეგულირებელმა კომისიამ. დეტალურად შევისწავლეთ ყველა ტექნიკური საკითხი და ნიუანსი. ხვალიდან იწყება ამ საკითხების განხილვა კომისიაში. ანგარიში მზადდება ამასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, მერე უკვე შესაბამისი საკითხები იქნება ღია და საჯარო“, – განაცხადა ნარმანიამ.