2026 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში გადაეცა ფრენსის ჰალზენს „მოჩვენება“ კოსმოსური ნაწილაკების დაფიქსირებისთვის — #1tvმეცნიერება
შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში გადაეცემა მედისონში უისკონსინის უნივერსიტეტის ნაწილაკთა ფიზიკოს ფრენსის ჰალზენს „ნეიტრინოების ობსერვატორია IceCube-ში შეტანილი გადამწყვეტი წვლილისა და ასტროფიზიკური წარმოშობის მაღალი ენერგიის მქონე ნეიტრინოების აღმოჩენისთვის“.
სამხრეთ პოლუსთან დაფიქსირებული მოუხელთებელი ნაწილაკები სამყაროს შორეული მისადგომებიდან
ფრენსის ჰალზენმა გააცნობიერა, რომ სამხრეთ პოლუსთან არსებული ყინულის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს ნეიტრინოების სახელით ცნობილ ნაწილაკებზე დასაკვირვებლად. მისი ხედვა და სამეცნიერო ლიდერობა ფუნდამენტური აღმოჩნდა ნეიტრინოების ობსერვატორია IceCube-ის შექმნაში — ეს გახლავთ სინათლის სენსორებით აღჭურვილი ერთი კუბური კილომეტრი ყინული. IceCube-ის გამოყენებით, მეცნიერებს შეუძლიათ დაიჭირონ შორეულ სამყაროში ენერგიით უკიდურესად მდიდარი პროცესების შედეგად წარმოქმნილი ნეიტრინოები.
ნეიტრინოები ყველგანაა, მაგრამ ისინი თავს არ ამჟღავნებენ. ისინი ყველა მხრიდან, მთლიანად გადიან დედამიწასა და ჩვენს სხეულებში ისე, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ. ძალიან იშვიათად, ერთი ნეიტრინო ურთიერთქმედებს ატომის ბირთვთან, რაც შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პირს მათი აღმოჩენის საშუალებას აძლევს.
მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ კოსმოსში არსებობს ნაწილაკთა ბუნებრივი ამაჩქარებლები, რომლებიც ნაწილაკებს ისეთი ენერგიით ისვრიან, რომ ის მილიონობით აღემატება დედამიწის ლაბორატორიებში მიღწევად ენერგიას. ამ წყაროების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი — რა არის ისინი, სად არიან, რა ძირითადი პროცესები მიმდინარეობს მათში…
უკიდურესად მაღალი ენერგიის მქონე ნეიტრინოები იმავე გარემოში წარმოიქმნება, სადაც სხვა ტიპის ნაწილაკები. თუმცა, სხვა ნაწილაკებისგან განსხვავებით, ნეიტრინოები ჩვენამდე ისე აღწევენ, რომ არ იცვლიან მიმართულებას და არც ენერგიას კარგავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ მოგვაწოდონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სხვა მხრივ ხელმისაწვდომი არ არის.

სამხრეთ პოლუსთან ნეიტრინოების დაჭერის თაობაზე საკუთარი ხედვა ფრენსის ჰალზენმა პირველად 1988 წელს წარმოადგინა. როცა ნეიტრინო ატომის ბირთვს ეჯახება, წარმოქმნის სინათლის ციმციმს, რომლის თვალყურის დევნება შესაძლებელია მყინვარის გამჭვირვალე ყინულში განლაგებული სენსორების მეშვეობით. სამხრეთ პოლუსის ყინულს ბევრი უპირატესობა აქვს, რადგან იქ არ არის სხვადასხვა ტიპის ინტერფერენცია და ეს ზონა გეოლოგიურად სტაბილურია, არაა მიწისძვრები. ჰალზენმა და მისმა იდეამ მალე მოიპოვა სხვა მკვლევართა მხარდაჭერა და სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ყინულში მოთავსებულ სენსორებზე წინასწარი ტესტირება ჩატარდა.
უკიდურესად მაღალი ენერგიის მქონე კოსმოსური ნეიტრინოები ძალიან იშვიათია, ამიტომ შეჯახებების საკმარის რაოდენობაზე დასაკვირვებლად ყინულის უზარმაზარი მოცულობაა საჭირო. IceCube კუბურ კილომეტრს მოიცავს და 2011 წელს დასრულდა. მკვლევრებმა მალევე აღმოაჩინეს და რამდენიმე წლის შემდეგ, გამოაქვეყნეს აღმოჩენა მზის სისტემის გარედან მოსულ ნეიტრინოთა თაობაზე. უკვე შესაძლებელი გახდა სამყაროში ნეიტრინოების წყაროების სერიოზულად ძებნის დაწყება.

„ფრენსის ჰალზენი ხელმძღვანელობდა მკვლევართა და ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფს, რომელმაც შესანიშნავი ხელსაწყო შეგვიქმნა. მისმა შეუპოვრობამ და მეცნიერულმა ხედვამ გზა გაუკვალა ასტრონომიის ახალ მიმართულებას“, — ამბობს ნობელის ფიზიკის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ პირსი.
IceCube მუდმივად აღრიცხავს ნეიტრინოების ურთიერთქმედებებს, რაც მკვლევრებს ახალ ცოდნას მიაწვდის იმ ძალადობრივი გარემოებების შესახებ, სადაც მაღალი ენერგიის მქონე ნეიტრინოები წარმოიქმნება; ასევე შეიძლება გამოავლინოს აქამდე უცნობი კოსმოსური მოვლენებიც კი.
ფრენსის ჰალზენი 1944 წელს ბელგიის ქალაქ ტინენში დაიბადა. 1969 წელს ლევენის კათოლიკურ უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი. ამჟამად არის მედისონში უისკონსინის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი.
მომზადებულია nobelprize.org-ის მიხედვით.