2023 წლის „პოზიტიური მშვიდობის ინდექსში“ საქართველოს რეიტინგი 14 ერთეულით გაუმჯობესდა
2023 წლის „პოზიტიური მშვიდობის ინდექსში“ საქართველოს რეიტინგი 14 ერთეულით გაუმჯობესდა

2023 წლის „პოზიტიური მშვიდობის ინდექსში“ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა. რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეიტინგი 14 ერთეულითაა გაუმჯობესებული. ამასთან ერთად, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

„პოზიტიური მშვიდობის ინდექსს“, ისევე როგორც „გლობალური მშვიდობის ინდექსს“ აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP).

„გლობალური მშვიდობის ინდექსისგან“ განსხვავებით, „პოზიტიური მშვიდობის ინდექსი“ განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

ანგარიშის თანახმად, პოზიტიურ მშვიდობაში იგულისხმება „ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას“. კვლევის საკვანძო მიგნებების თანახმად, მაღალი პოზიტიური მშვიდობა იწვევს ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, როგორებიცაა ეკონომიკური სიძლიერე, გამძლეობა და კეთილდღეობა.

„პოზიტიური მშვიდობა ქმნის ოპტიმალურ გარემოს ადამიანის პოტენციალის აღორძინებისათვის. მაღალი პოზიტიური მშვიდობის ქვეყნები უფრო მეტად ინარჩუნებენ სტაბილურობას, ადაპტირდებიან და ჯანსაღად უმკლავდებიან შოკებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, პოზიტიური მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს: კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა; ჯანსაღი ბიზნესგარემო; კორუფციის დაბალი დონე; ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა; ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე; კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან; ინფორმაციის თავისუფლება; რესურსების სამართლიანი განაწილება.