დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა
დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის იანვარში, ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა. შედეგად, 23 ფიქსირებული და სამი მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატით, ჯამში 2 500 მეტრი სიგრძის სათხილამურო გზის გათოვლიანება იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამით უმოკლეს ვადებში დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის მონტაჟი, რომელიც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა.

„2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ჩვენთვის უმთავრესი ინფრასტრუქტურული შესასრულებელი პროექტი იყო. თუმცა, ეს, უპირველესად, მნიშვნელოვანია კურორტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის – გაზრდის სეზონის ხანგრძლივობას და ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული ინსტრუმენტია მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩასატარებლად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამინისტროს ცნობით, გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზა, დიდველის სათხილამურო არეალში 2020 წელს დამონტაჟდა. 1 150-მეტრიან ტრასას თოვლის საფრქვევი 34 აპარატი ათოვლიანებს. აღნიშნულ ტრასაზე გაიმართა 2021 წლის ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსის სახეობაში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დადებითად შეფასდა. რაც შეეხება გათოვლიანების სისტემის პირველ ფაზას, ის 2014-2015 წლებში განხორციელდა. 1 600-მეტრიან სასრიალო გზას 36 ერთეული თოვლის საფრქვევი აპარატი ათოვლიანებს.