2023 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეას უმასპინძლებს

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს.

გადაწყვეტილება ჟენევაში, რიგით მეჩვიდმეტე ახალი ამბების ასამბლეაზე გახდა ცნობილი. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ქვეყნებმა, მომდევნო ასამბლეის საქართველოში ჩატარება კენჭისყრით გადაწყვიტეს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, ღონისძიებაში 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას და შესაბამისად, საქართველო ევროპის 56 ქვეყნიდან მიიღებს სტუმრებს.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი აერთიანებს 125 მაუწყებელს 56 ქვეყნიდან და ყოველთვის დიდი კონკურენციაა, როდესაც მათი ღონისძიებების მასპინძლობაზე დგას საკითხი. ყოველთვის არის კენჭისყრა და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა მონაწილეობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ამბები, რადგან ინფორმირება არის მთავარი დანიშნულება ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლის და ნამდვილად დიდი პატივია, რომ 2023 წლის 23 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს ახალი ამბების ასამბლეას, ჩამოვა 56 ქვეყნის ძალიან ბევრი დელეგატი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლების, ყველაზე გადამოწმებული, ინფორმირებული, კონსტრუქციული ახალი ამბების პლატფორმას წარმოადგენს, ამიტომ ველოდებით, ვემზადებით და მოხარული ვარ, რომ სწორედ საქართველოს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ერგო ეს პატივი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ახალი ამბების ასამბლეა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყოველწლიური ფორუმია, სადაც EBU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან, რათა განიხილონ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მიიღონ ინფორმაცია ახალ კვლევებსა და მიგნებებზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახალი ამბების შესახებ.

ფორუმი ახალი ამბების დირექტორებს და მთავარ რედაქტორებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ მოსაზრებები ახალი ამბების გაშუქების გაუმჯობესებაზე, ასევე მედიაბაზარზე ადაპტაციის შესახებ და სხვ.

რიგით მე-18 ასამბლეა თბილისში 2023 წლის 22-23 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება ყოველწლიურია და 2005 წლიდან იმართება.