2023 წელს საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარულ სესიას უმასპინძლებს
2023 წელს საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარულ სესიას უმასპინძლებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, მონაკოს სამთავროში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მიმართა. თავისი გამოსვლა დავით სონღულაშვილმა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო.

„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩემმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესია. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი ძალადობაა, რომელიც ხელს უშლის უკრაინის მისწრაფებებს თავისუფლებისადმი და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ისტორიაში, რაც, თავის მხრივ მზარდ და მუდმივად ცვალებად კულტურულ მრავალფეროვნებასაც გულისხმობს.

„ჩვენთვის დიდი პატივია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ორგანიზაციასთან, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების სფეროში, ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ისტორიაში, რომელიც თავის მხრივ მუდმივად ცვალებად კულტურულ მრავალფეროვნებას გულისხმობს. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ამ გლობალური პროცესის მონაწილე და მეტიც, სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში გვქონდა და როცა სამოქალაქო თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საუკუნის წინ ვქმნიდით ამ შესაძლებლობებს. დღესაც, სწორედ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ იმ მიზნის შესრულებას, რომელსაც დემოკრატიის განმტკიცება და განვითარება ჰქვია ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. შესაბამისად, საქართველოსთვის დიდი პატივი იქნება ევროპის რეგიონის პლენარული სესიის მასპინძლობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კონფერენციაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარულ სესიას.

საერთაშორისო ღონისძიებაზე ევროპის რეგიონში მიმდინარე აქტუალური საკითხები და მათ შორის რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენები მიმოიხილეს და უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფენჩუკს მოუსმინეს. კონფერენციის მონაწილეებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.

საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში (APF) 2001 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2012 წელს კონფერენციას უმასპინძლა. 2021 წელს ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დამკვირვებლის სტატუსიდან ასოცირებულ წევრად გადასვლას გულისხმობს.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგისა და აზრთა გაცვლის ფორუმს. ასამბლეა აქტიურად მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და წარმოადგენს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლის პლატფორმას. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან ასამბლეის შემადგენლობაში 90 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეულია.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაკოს სამთავროში ევროპის რეგიონის მისიის ხელმძღვანელის ჟან შარლ ლუპერტოს სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.