2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 18.68 მილიარდი ლარია
2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 18.68 მილიარდი ლარია

პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, მომავალი წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 750.9 მლნ ლარით და 18.68 მილიარდ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გადასახდელებს, 2022 წელს მთავრობა 18.44 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1.05 მილიარდი ლარით ნაკლებია.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით, კერძოდ, 2022 წელს მნიშვნელოვნად – 850,0 მილიონი ლარით მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები – 1. 713 მილიარდი ლარი.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.