2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 822 486 მგზავრსა და 3 220 რეისს მოემსახურა
2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 822 486 მგზავრსა და 3 220 რეისს მოემსახურა

2022 წლის განმავლობაში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 822 486 მგზავრს მოემსახურა. 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 94 პროცენტით აღდგა, ხოლო რეისების რაოდენობა – 112 პროცენტით.

რაც შეეხება 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85 008 მგზავრმა ისარგებლა, რაც 3 პროცენტით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2022 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც. გასულ თვეს აეროპორტში რეისები 6 პროცენტით გაიზარდა და 306 რეისს მოემსახურა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 2023 წლის ივნისიდან კი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ქალაქი პოზნანი 2009 წლიდან ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქია და ქუთაისი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელიც პოზნანში ყოველწლიურად იმართება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.