2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავბული ვერსია პარლამენტში შევიდა. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 16,7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული. რაც შეეხება გადასახდელებს, მომავალ წელს, გეგმის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18,4 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც 2,4 მილიარდი ლარით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში 7,6 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრა.

პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. ვალდებულებების ზრდაში ასევე ასახულია 1,6 მილიარდი ლარი, 2021 წელს გადასაფარი ევრობონდებისათვის ახლი ევრობონდების გამოშვება. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2,8 მილიარდი ლარი.

„2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60,1 პროცენტის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების (მშპ-ის 0.7%) გათვალისწინებით, შეადგენს 60,8 პროცენტს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს)’“, – აღნიშნულია პროექტში.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33,6 მილიარდი ლარის ოდენობით. მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27,7 მილიარდი ლარია, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5,9 მილიარდი ლარი.

პროექტში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57,6 პროცენტი იქნება.

„საბიუჯეტო კოდექსის“ მიხედვით, პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.