2021 წლის მონაცემებით, საბაჟო პროცედურების შესრულების შედეგად, 6 300 ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება განხორციელდა
2021 წლის მონაცემებით, საბაჟო პროცედურების შესრულების შედეგად, 6 300 ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება განხორციელდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა „აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საჰაერო გზით შემოსული ტვირთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, ექსპორტისა და სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცესს დაესწრნენ.

საჰაერო ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ, 2021 წლის მონაცემებით, საბაჟო პროცედურების შესრულების შედეგად, 6 300 ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება განხორციელდა. თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა, მათ შორის ტვირთების დათვალიერების რენტგენო სკანერები, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვას და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, „აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრების მიერ 14 500-ზე მეტი დეკლარაცია გაფორმდა, ხოლო შესაბამის პროგრამულ სისტემაში დამუშავებულმა საფოსტო გზავნილების რაოდენობამ 2 800 000 გადააჭარბა.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ძირითადი ტრანზიტული დერეფანი, საბაჟო კონტროლის პროცედურებს შეუფერხებლად, სწრაფად და მარტივად ახორციელებს.