2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების მოდელი შეიცვლება
2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების მოდელი შეიცვლება

2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების მოდელი შეიცვლება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, არსებული სისტემის შეფასება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოხდება.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმა ზოგადი განათლების მიმართულებით სკოლების ახალ მოდელს ითვალისწინებს.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეზე ორიენტირებული, ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირებადი სკოლა მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით სისტემურად, ერთიანად ვითარდებოდეს. სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, ასევე მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმასა და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს – სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.