2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დღეს ექვს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დღეს ექვს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ბიუჯეტის პროექტზე დღეს ექვს საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ.

დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.

მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი ხუთი პროცენტია.

ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი. დანელიას თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

„წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი სამწუხაროდ ვერ პასუხობს სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებს. ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით დეტალური განხილვა, თუმცა მთელი რიგი მიმართულებებია, რომლებიც არის საერთოდ აცდენილი იმ რეალობას, რაც არის, იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენ 2020 წლისთვის გვექნება. ვფიქრობ, ამაზე დამატებით დისკუსია იქნება საჭირო, რადგან ნამდვილად ბევრია გამოწვევა. სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ​თანმიმდევრულობა. ამ ბიუჯეტში ეს არ არის ასახული“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროექტს წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში განიხილავენ და ფიქრობენ, რომ თუნდაც პენსიების კუთხით ხელისუფლებას უფრო მეტი ზრდის რესურსი ჰქონდა.