2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაგრძელდება
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ბიუჯეტის პროექტს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილავენ.

მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდ ლარს შეადგენს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი ხუთი პროცენტია. ბიუჯეტის კანონპროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისაკენ.

„უპირველეს ყოვლისა, აქ არის პენსიების ზრდა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პირველი იანვრიდან 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის 30 ლარით. არის ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის, ასევე სამედიცინო დარგის მუშაკებისთვის, ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის, ანუ ყველა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურებიან. ასევე, გვაქვს ხარჯების ზრდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და აღწევს ორ მილიარდ სამოცდაათ მილიონს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროექტს წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში განიხილავენ და ფიქრობენ, რომ თუნდაც პენსიების კუთხით, ხელისუფლებას მეტი ზრდის რესურსი ჰქონდა.