2020 წლის პირველი სექტემბრიდან შესაძლებელი ხდება, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეთ
2020 წლის პირველი სექტემბრიდან შესაძლებელი ხდება, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეთ

2020 წლის პირველი სექტემბრიდან შესაძლებელი ხდება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად,  ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეთ.

ამას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში დაამტკიცა.

კანონის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი ხდება, მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციელი განახორციელებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.

ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მათ შორის, წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მიერ მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება ერთ თვეს.

სპეციალური ოქმით გათვალისწინებული მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისას, სსიპ „112“- ის მოსამსახურე უფლებამოსილია, დაუკავშირდეს მსხვერპლს/მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.