2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება
2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება

დღეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი კონფერენციაც გაიმართა, რომლის მიზანს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.

მომავალი წლიდან, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ახალშექმნილი სააგენტო შეასრულებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენცია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც წლის საუკეთესო პარტნიორები და დამსაქმებლები დააჯილდოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს. ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს.