2020 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით განისაზღვრა
2020 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 პროცენტით განისაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 063.8 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.1 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 13.5 პროცენტი, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 16.2 პროცენტი, დამამუშავებელი მრეწველობა – 5.7 პროცენტი, მშენებლობა – 6.7 პროცენტი, განათლება – 7.5 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა და სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 4.2 პროცენტი, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.7 პროცენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 7.6 პროცენტი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1.6 პროცენტი.

ამასთან, კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-6.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.6).

ამასთან, უწყების ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, სახელმწიფო მმართველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.