2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0,8 პროცენტით გაიზარდა
2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0,8 პროცენტით გაიზარდა

2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0,8 პროცენტით გაიზარდა. 2020 წლის ოქტომბრის „თვის მიმოხილვას“ საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის გაანალიზებული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით, ყველის გაძვირებამ იმოქმედა.

„მნიშვნელოვანი იყო ბენზინის, ზეთის და ზამთრის ფეხსაცმლის გაძვირებაც. თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პინქტი შეადგინა. საპირისპიროდ, 0,1 პროცენტული პუნქტით შეამცირა ინფლაცია ვაშლის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფის ინფლაციის შემცირების დინამიკა ოქტომბერშიც გაგრძელდა და 5.4 პროცენტი შეადგინა. თუმცა სურსათის წვლილი საერთო ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვანია. ოქტომბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1,5 პროცენტული პუნქტი მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, ზეთზე, პურზე და ლობიოზე-0,7 პროცენტული პუნქტი. სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13,5 პროცენტით-სიგარეტის და მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული, ქორწინების ოქროს ბეჭდის 43,2 პროცენტით გაძვირებაა გამოსარჩევი. ოქტომბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, ბენზინის 16.7 და დიზელის საწვავის 17.8 პროცენტით გაიაფებამ იმოქმედა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5,0 პროცენტამდე გაიზარდა.