2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი, თბილისის გარდა, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა
2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი, თბილისის გარდა, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა

2020 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები ჯამში – 314,079 მგზავრს მოემსახურა, რაც სამი პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი – 324,552 მგზავრი), – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა, თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის იანვარში 211 590 მგზავრს მოემსახურა, რაც 16 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი – 252,176). როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 8 ივლისს საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა, ასევე კიდევ ერთი მიზეზია კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა.

„2020 წლის იანვარში საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79,759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი – 55,895 მგზავრი).

თბილისისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 22,001 მგზავრმა ისარგებლა, რაც 38 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი – 15,973 მგზავრი)“, – აღნიშნულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მონაცემები ასეთია:

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 60 პროცენტით გაიზარდა და 641 მგზავრი შეადგინა (2019 წლის იანვარი 401 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში სამი წლის გახდა, გასულ თვეში 88 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით შემცირდა (2019 წლის იანვარი 107 მგზავრი). ამის მიზეზი რეისების კლება იყო. უამინდობის გამო იანვარში ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტრის მიმართულებით მხოლოდ შვიდი რეისი შესრულდა, რაც 22 პროცენტით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით (2019 წლის იანვარი – ცხრა რეისი).

„ადგილობრივ აეროპორტებში, მგზავრთნაკადის კუთხით 2020 წლის იანვარში ჯამურად ზრდა დაფიქსირდა. მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები იანვარში ჯამში 729 მგზავრს მოემსახურა, რაც 44 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი 508 მგზავრი)“, – აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.